არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას ადვოკატი სააპელაციო წესით გაასაჩივრებს
არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას ადვოკატი სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე ბრალდებული სამშენებლო კომპანიის დირექტორ​ისშიშუ პალ ბურდაკის ადვოკატის განცხადებით, სასამართლო საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.

როგორც ადვოკატი ბაჩუკი ქირია ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე, არ ეთანხმებიან. მისივე თქმით, გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

„ბოლო კვირების განმავლობაში, ამ სასამართლოს არაერთ გახმაურებულ საქმეზე არ გამოუყენებია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, მათ შორის მძიმე კატეგორიის დანაშაულების საქმეებზე. მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთან, რომელზეც ჯერ კიდევ არაა დადასტურებული მიუძღვის თუ არა მასში რაიმე ბრალი შიშუ პალს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, რა თქმა უნდა. აშკარაა, რომ სასამართლო ამ ეტაპზე იმყოფება საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის ქვეშ“,- განაცხადა ადვოკატმა.

როგორც ქირია განმარტავს, დაღუპული არასრულწლოვანი მუშა იმ კომპანიის დაქირავებული არ ყოფილა, რომელსაც შიშუ პალ ბურდაკი ხელმძღვანელობს. მისივე თქმით, მუშებს ობიექტზე შესვლისა და დემონტაჟის დაწყების უფლებაც არ ჰქონდათ.

„ოთხი კაცის შესვლაზე ერთი ადამიანი იყო პასუხისმგებელი, რომელმაც დირექტორთან ნაცნობობით, ნებართვის გარეშე, ობიექტის დაცვის მოტყუებისა და დაცვის სისტემების გვერდის ავლით, ობიექტზე შეიყვანა ის ხალხი, რომელთა შეყვანის უფლება არ ჰქონდა. შიშუ პალ ბურდაკი არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე, არც ქალაქში არ იმყოფებოდა და სწორედ ამით ისარგებლა შუბითიძემ, როდესაც ნებართვის გარეშე შეიყვანა გარკვეული ჯგუფი ობიექტზე”, – აღნიშნა ბაჩუკი ქირიამ.

პროკურორ ირაკლი ქარდავას თქმით, ბრალდების მხარემ საკუთარი შუამდგომლობა დაასაბუთა იმით, რომ არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე მტკიცებულებების განადგურების და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები.

„ბრალდებულს ბრალი ედება იმაში, რომ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალდების მხარემ საკუთარი შუამდგომლობა დაასაბუთა იმით, რომ არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე მტკიცებულებების განადგურების და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები. შესაბამისად, სასამართლომ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ბრალდებულის მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა“,- განაცხადა პროკურორმა.

არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ სამშენებლო კომპანიის დირექტორს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დღეს შეეფარდა.

სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორს, შიშუ პალ ბურდაკს პროკურატურამ ბრალი სამთო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით წარუდგინა. სწორედ ამ ობიექტზე დაიღუპა 2003 წელს დაბადებული არასრულწლოვანი 16 ივლისს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ლიფტის დემონტაჟის დროს ლიფტის შახტში ჩავარდა.

სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორი 19 ივლისს დააკავეს.