საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ტ.ე. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 22 სექტემბერს ქალაქ ნინოწმინდაში, თავისუფლების ქუჩაზე განთავსებულ სლოტ კლუბ „ვულკანის“ ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ტ.ე. მომხდარიდან რამდენიმე წუთში ნინოწმინდაში დააკავა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას გატაცებული თანხა, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი, ტეტეს სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით.
დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.