შსს-მ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გიულისხმობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გურიაში ჩასულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს „ქართული ოცნების“ წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
როგორც პარტიაში განმარტავენ, დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურებს ურიგებდა და სკვერის გასხვისებას აპროტესტებდა.
„კრიმინალმა ჩიგოგიძემ თავისი კრიმინალური სამეგობრო დაგვახვედრა. აქ არ არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩოხატაურის ინტერესებს წარმოადგენენ. ესენი არიან ჩიგოგიძის სამეგობრო და „კლანი“. ეს ადამიანები ფიზიკურად დაგვესხნენ თავს. რატომ? იმიტომ, რომ ჩოხატაურლებს არ ვუთხრათ, რომ დუმბაძის სკვერის გასხვისება უნდათ. აი, ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. ესენი არიან მოძალადეები და დამნაშავეები“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით მჟავანაძემ.
აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს „ქართული ოცნების“ საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა.
„მე არ ვიმყოფები ჩოხატაურში. რაც კადრებში ვნახე, „ქართული ოცნების“ არცერთი წევრი იქ არ იმყოფებოდა. აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა შელაპარაკება. კადრებში ჩანს ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც შეესწრო ამ ამბავს და ჩანს, რომ თვითონ არ მონაწილეობს. მაგათ უნდათ, რომ „ოცნებას“ დააბრალონ. „ოცნების“ წევრი და დეპუტატი იქ არ ყოფილა“, – განაცხადა ირაკლი კუჭავამ.