შსს ხატია დეკანოიძეს, ბაჩუკი ქარდავას, გუბაზ სანიკიძესა და ირაკლი ღლონტს გამოკითხვაზე იბარებს
ხატია დეკანოიძეს, ბაჩუკი ქარდავას, გუბაზ სანიკიძესა და ირაკლი ღლონტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოკითხვაზე იბარებს.
შსს-ს ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამინისტროში გამოკითხვაზე ხვალ, 12 ივლისს არიან დაბარებული. უწყების ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლების შსს-ში გამოკითხვაზე დაბარება 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.
დაკითხვაზე დაბარების ფაქტს ადასტურებენ გაერთიანებული ოპოზიციის პრესსამსახურში, თუმცა აცხადებენ, რომ ყველა მათგანი მოითხოვს დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს.
20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე დაიკითხა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე.