შსს-ის ინფორმაციით, ბორჯომში ხანძრის კერების უმეტესობა ამ მომენტისთვის ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]
17:44, 25.08.2022
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის კერების უმეტესობა ამ მომენტისთვის ლიკვიდირებულია. ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა, კვლავ ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეს დილიდან, ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.
„რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები, რისი საშუალებითაც ცეცხლის კერები მუშავდება. ტარდება ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიება, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე. მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.