შსს ასაჯაროებს კადრებს, სადაც, მათივე ცნობით, ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის გამოც ბათუმში ორი პირი დააკავეს
შსს ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც, 7 მაისს, სამართალდამცველებმა ბათუმში ორი პირი დააკავეს.
როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კადრების გავრცელება ხდება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც, მიმდინარე წლის 7 მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში ორი პირი დააკავეს, ხოლო ოთხ პირს წარედგინა ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში.
დღეს, დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მსვლელობისას შეეცადნენ ცენტრალური გზის გადაკეტვას. პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა განაგრძეს საზოგადოებრივი წესრიგის დაარღვევა და ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას.
პოლიციის მიერ, ბათუმში მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 30 პირი“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის, რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.