შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 7 ოქტომბერს სოფელ ახალსოფელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული მოკვლევის (მათ შორის სამხრე კამერების ჩანაწერების) პირველადი შედეგებით ირკვევა, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორები მოძრაობდნენ თავის სამოქმედო ტერიტორიაზე სოფელ ახალსოფელში, რა დროსაც შენიშნეს ავტომანქანა „ფორდი“ სახელმწიფო ნომრით DBT- 834, რომელსაც მართავდა მოქალაქე ა.ლ., დაბადებული1957 წელს.
უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმების მიზნით აღნიშნულ მოქალაქეს მოსთხოვეს მანქანის გაჩერება.
„მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ შემოწმებაზე უარის შემთხვევაში ავტომანქანა გადაყვანილი იქნებოდა საჯარიმო ავტოსადგომზე, მოქალაქემ უარი განაცხადა შემოწმებაზე, ავტომანქანა შეიყვანა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, თვითონ კი დაბრუნდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან და მხოლოდ ამის შემდეგ, თანხმობა განაცხადა შემოწმებაზე. ვინაიდან გადამოწმების შედეგად მოქალაქე ა.ლ.-ს არ დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ტერიტორია დატოვა და განაგრძო პატრულირება სამოქმედო ტერიტორიაზე. მოქალაქე ა.ლ. კი დარჩა თავის საცხოვრებელ სახლთან.
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, საპატრულო პოლიციას დასახმარებლად მიმართეს მოქალაქეებმა. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ა.ლ. უგონო მდგომარეობაში დახვდათ. პატრულ-ინსპექტორებმა, დახმარების მიზნით, დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და მოქალაქე ა.ლ. გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც ის გარდაიცვალა“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
საქმე შემდგომი გამოძიებისთვის გადაიგზავნა პროკურატურაში.
ამასთან, უწყების ცნობით, გამოძიების დასრულებამდე, პატრულ-ინსპექტორებს შეუჩერდათ სამსახურებრივი უფლებამოსილება.
ახალსოფლის მოსახლეობამ გუშინ ბათუმი-სარფის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, მამაკაცი შემოწმების მიზნით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა, მძღოლმა კი უთხრა, რომ ცუდად იყო და სასწრაფოდ წამლის მიღება სჭირდებოდა, თუმცა პატრულმა ის სახლში არ გაუშვა, ახსნა-განმარტების მომენტში კი მძღოლი გარდაიცვალა.