სოფელ ახალსოფლის მოსახლეობამ ბათუმი-სარფის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა
სოფელ ახალსოფლის მოსახლეობამ ბათუმი-სარფის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა

ბათუმში, ახალსოფლის მოსახლეობამ ბათუმი-სარფის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა. პროტესტის მიზეზი 50 წლამდე მამაკაცის გარდაცვალება გახდა.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მამაკაცი შემოწმების მიზნით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა, მძღოლმა კი უთხრა, რომ ცუდად იყო და სასწრაფოდ წამლის მიღება სჭირდებოდა, თუმცა პატრულმა ის სახლში არ გაუშვა, ახსნა-განმარტების მომენტში კი მძღოლი გარდაიცვალა.

„აქ ამბობენ, რომ მამაკაცი ცუდად იყო და პატრულს სახლში მისვლა სთხოვა, პატრულმა კი არ გაუშვა, ამ საუბარში იგი გარდაიცვალა, რის გამოც ხალხი სპონტანურად შეგროვდა და გზა გადაკეტა“, – ამბობს პირველ არხთან აქციის მონაწილე გოჩა სურგულაძე.

აქციის მონაწილეები პატრულის დასჯას ითხოვენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ დეტალებს აზუსტებენ და ოფიციალურ ინფორმაციას ცოტა ხანში გაავრცელებენ.

დატოვე კომენტარი