შსს ადვოკატ ნაირა ოტიაშვილისა და კიდევ ორი პირის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შსს ადვოკატ ნაირა ოტიაშვილისა და კიდევ ორი პირის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადვოკატ ნაირა ოტიაშვილისა და კიდევ ორი პირის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დედა-შვილი და მათი ადვოკატი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, 1958 წელს დაბადებულ ნ.ო.-ს, 1959 წელს დაბადებულ მ.ა.-ს და 1977 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ცრუ დასმენა განხორციელდა მიმდინარე წლის აპრილში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ნათესავებს შორის ქონებრივი დავის საფუძველზე წარმოქმნილ ოჯახში ძალადობას ეხებოდა. კერძოდ, ბრალდებულებმა – ს.ბ.-მ და მ.ა.-მ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცეს და მათივე ოჯახის წევრი ძალადობასა და შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევაში დაადანაშაულეს. აღნიშნული ფაქტი კი დაადასტურა მათმა ადვოკატმა – ნ.ო.-მ.

გამოძიება ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი გუშინ დააკავეს.