შს მინისტრის მოადგილე - გარკვეული შიშები, თითქოს სკოლაში შედის პოლიცია, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია
გარკვეული შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სკოლაში შედის პოლიცია, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა იმ ქმედების შესახებ, რასაც მანდატური განახორციელებს, ეს იქნება განცალკევება თუ მეტალოდეტექტორით ზედაპირული დათვალიერება, მოხდება მოზარდის მშობლის ინფორმირება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა „ზოგადი
განათლების“ კანონში ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შს სამინისტრომ მნიშვნელოვანი პროექტი წარადგინა, რომელიც მანდატურის სამსახურის რეფორმირებას ითვალისწინებს. როგოც მეზვრიშვილმა აღნიშნა, კანონპროექტი განათლების სამინისტროსთან ერთად მომზადდა.
„კანონპროექტის ძირითადი მიზანი როგორც სკოლებში, ისე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების გაძლიერებაა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. კანონპროექტი მოზარდებში დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს, ასევე, მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციის გაზრდას ითვალისწინებს.
ამ კანონპროექტის მიხედვით, ყველა სკოლაში სავალდებულო იქნება კამერების დამონტაჟება, როგორც შიდა პერიმეტრზე, ისე გარე პერიმეტრზე. მანდატური შეიძენს მნიშვნელოვან უფლებამოსილებებს, მათ შორის მოსწავლეების განცალკევების უფლებას, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ მოზარდებს შორის კონფლიქტური სიტუაციაა, მათ შეეძლებათ, კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით, მოსწავლეები ერთმანეთისგან განაცალკევონ, მათთვის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად შესაბამის გარემოში.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განცალკევების პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთვებიან ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და სკოლის წარმომადგენლები, ამიტომ გარკვეული შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სკოლაში შედის პოლიცია ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა იმ ქმედებაში რასაც მანდატური განახორციელებს, ეს იქნება განცალკევება თუ მეტალოდეტექტორით ზედაპირული დათვალიერება, მონაწილეობას მიიღებს სკოლის წარმომადგენელი და მოხდება მოზარდის მშობლის ინფორმირება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
როგორც შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მანდატურის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვნად იზრდება. გარდა ამისა, თანამდებობაზე მისი დანიშვნა და გათავისუფლება მოხდება მანდატურის სამსახურის მიერ.
„ასევე გარკვეული მოთხოვნები უწესდება მანდატურის კანდიდატს, ანუ თანამდებობაზე დასანიშნ პირს. ისინი იქნებიან 21 წელს მიღწეული პირები, რომლებსაც განსხვავებით დღეს არსებული კანონმდებლობისგან, უნდა ჰქონდეთ ან უმაღლესი განათლება ან ზოგადი და პროფესიული განათლება.
ეს არის კანონპროექტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, სახალხო დამცველის, ფსიქოლოგების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ანუ ყველა ის ადამიანი, ვისაც ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით რაიმე გამოცდილება გააჩნია.
ყველას მოსაზრება ასახული და გათვალისწინებულია. ბალანსი საპოლიციო ფუნქციებსა და მანდატურის უფლებამოსილებას შორის დაცულია და მკაფიოდ არის ზღვარი გავლებული. მეტალოდეტექტორით გარეგანი დათვალიერება არის საკმაოდ აპრობირებული მეთოდი, სწორედ ამიტომ კანონპროექტში პირდაპირ წერია, უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება.
ასევე მანდატურის იმავე სქესის წარმომადგენელმა, სადაც ეს შესაძლებელია, უნდა განახორციელოს უკონტაქტო დათვალიერება მეტალოდეტექტორების გამოყენებით და მაქსიმალურად იქნება ამ პროცესებში დაცული მოზარდების უფლებები.
მანდატური იზრუნებს უსაფრთხოებაზე, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, სკოლის წარმომადგენლები და ბავშვების ჩართვა სხვადასხვა სასკოლო პროგრამასა და აქტივობაში იქნება უზრუნველყოფილი.
ერთი მხრივ, ვიცავთ უსაფრთხოებას სკოლასა და მიმდებარე ტერიტორიაზე, შს სამინისტროსა და მანდატურის სამსახურს შორის ინფორმაციის მიმოცვლა ხდება უფრო კოორდინირებულად და მეორე მხრივ, სასკოლო და სხვა აქტივობებში მოზარდების გადამისამართებით ვზრუნავთ მათში დანაშაულის პრევენციაზე“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.