შრი-ლანკაზე მეჩეთებსა და მუსლიმთა სავაჭრო ობიექტებზე დაწყებული თავდასხმების გამო, ხელისუფლებამ სოციალური ქსელები დაბლოკა. შეზღუდვები შეეხო „ფეისბუქსა“ და „ვოთსაფს“, ასევე რამდენიმე მედიაქსელს.
„როიტერის“ ინფორმაციით, „ფეისბუქში“ დაწყებული დავის შემდეგ, შრი-ლანკის ქალაქ ჩილავში რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მეჩეთებს და მუსლიმთა მაღაზიებს ქვები ესროლა. გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთ-ერთ მამაკაცსაც.
შრი-ლანკის ხელისუფლება აცხადებს, რომ დაკავებულია „ფეისბუქის“ პოსტის ავტორი, 38 წლის მამაკაცი, აბდულ ჰამედ მოჰამედ ჰასმარი, რომლის კომენტარი „ერთ დღეში თქვენ იტირებთ“ ძალადობის მუქარად იქნა აღქმული. პოლიციამ ასევე დააკავა ჯგუფი, რომლის წევრები მუსლიმთა მაღაზიებზე თავდასხმაში არიან ბრალდებულნი.
ვითარების კონტროლისთვის, ხელისუფლებამ ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი დააწესა.