„შპიგელი“ - ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შესაძლოა, „სუბსტრატეგიული ბირთვული იარაღი“ გამოიყენოს
ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შესაძლოა, „სუბსტრატეგიული ბირთვული იარაღი“ გამოიყენოს, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია, ქვეყნის სპეცსამსახურების ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შპიგელი“ წერს, რომ გერმანიის მთავარი სადაზვერვო სამსახურები უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავენ, რადგან ომის წაგება შეიძლება იყოს „ეგზისტენციალური საფრთხე პუტინის მმართველობისთვის“.
ფედერალური დაზვერვის სამსახურის უფროსის, ბრუნო კალის განცხადებით, პუტინმა შესაძლოა, გადადგას ასეთი ნაბიჯი უკრაინისთვის ნაკარნახევი მშვიდობის დაწესების მიზნით, ვინაიდან რუსული მხარე არ აჩვენებს რაიმე ნიშანს კომპრომისზე წასვლის შესახებ შესაძლო მოლაპარაკებებში. თუმცა, კალიმ აღნიშნა, რომ მის სამსახურს არ გააჩნია მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი გეგმავს სტრატეგიული ან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას.
ამავე დროს, გერმანიის სადაზვერვო სამსახურებმა პუტინი დაადანაშაულეს იმაში, რომ თავს დაესხა მთელ დასავლეთს, როდესაც მან გადაწყვიტა სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში.