„შპიგელი“ - ანალენა ბერბოკი ჩინეთს მოუწოდებს, გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე, რათა დაასრულოს აგრესია უკრაინაში
ჩინეთში ვიზიტით მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა პეკინს მოუწოდა, გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე უკრაინაში აგრესიის დასრულებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს.
ბერბოკის თქმით, ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს და გერმანიას სურს, ჩინეთმა გამოიყენოს გავლენა რუსეთზე, რათა დაასრულოს რუსეთის აგრესია უკრაინაში.
ბერბოკთან შეხვედრაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ მიჰყიდის იარაღს უკრაინის ომში მონაწილე მხარეებს და დაარეგულირებს ორმაგი დანიშნულების სამოქალაქო და სამხედრო საქონლის ექსპორტს.
პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, აჩვენებს, რომ ჩინეთმა, დასავლეთის ქვეყნების გაფრთხილების მიუხედავად, დაამტკიცა რუსეთისთვის გარკვეული ლეტალური იარაღის მიწოდება.