შოტლანდიის მთავრობის მეთაური - შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 2021 წლამდე უნდა გაიმართოს
შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 2021 წლამდე უნდა გაიმართოს, – ამის შესახებ განცხადება შოტლანდიის მთავრობის მეთაურმა ნიკოლა სტერჯენმა პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, შოტლანდიის გაერთიანებული სამეფოდან გასვლის საკითხზე რეფერენდუმის გამართვა მოქმედი ხელისუფლების უფლებამოსილების ამოწურვამდეა მიზანშეწონილი.
„მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მთავრობა დგამს ნაბიჯებს იმისთვის, რომ ადამიანებს დამოუკიდებლობის არჩევა შეეძლოთ“, – განაცხადა სტერჯენმა. მან იმედი გამოთქვა, რომ რეფერენდუმის შესახებ კანონს შოტლანდიის პარლამენტი 2019 წლის ბოლომდე მიიღებს.
ნოკოლა სტერჯენი შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერია. ის ამ პარტიას სათავეში 2014 წელს ჩაუდგა, მას შემდეგ რაც შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმზე, მოქალაქეებმა გაერთიანებულ სამეფოში დარჩენა აირჩიეს.
შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე ახალი რეფერენდუმის თემაზე მსჯელობა მას შემდეგ განახლდა, რაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი გაჭიანურდა.