ერთ დროს, თანამედროვე შოტლანდიის ტერიტორიის თავთხელ წყლებში გიგანტური დინოზავრები ბინადრობდნენ. ამას ადასტურებს სულ ცოტა ხნის წინ, კუნძულ სკაის სანაპიროსთან, ლაგუნების ფსკერზე აღმოჩენილი ასობით ნაფეხური, რომლებიც შემთხვევით აღმოაჩინა ცნობილმა პალეონტოლოგმა სტივენ ბრიუსატმა. აღმოჩენის შესახებ შოტლანდიური ჟურნალი Scottish Journal of Geology იუწყება.
ნაკვალევი დაახლოებით 170 მილიონი წლის წინანდელია (შუა ცარცული პერიოდი) და აღბეჭდილია კირქვასა ქვიშაქვაზე. ხილული ხდება მხოლოდ ზღვის მიქცევის დროს. შოტლანდიის ტერიტორიაზე ეს ზავროპოდების (ხვლიკმენჯა გიგანტური დინოზავრები, რომელიც ასევე მოიცავს დიპლოდოკებს და ბრაქიოზავრებს) პირველი გამოვლინებაა, რადგან კუნძული სკაი მაშინ უფრო სამხრეთით მდებარეობდა, ამჟამინდელ ადგილას კი ტექტონიკური ფილების მოძრაობის შედეგად აღმოჩნდა.
„ერთ დროს, ლაგუნაში უამრავი დინოზავრი დასეირნობდა. ეს მათი სახლი იყო, სადაც ისინი დიდებულად ცხოვრობდნენ. ნაფეხურების ქაოსური განლაგება საცეკვაო დარბაზს მოგვაგონებს, თითქოს დინოზავრებს დისკოტეკა ჰქონდათ“, – ამბობს სტივენ ბრიუსატი.
ერთ-ერთი დინოზავრის წინა კიდურის პატარა თითის ბრჭყალის ანაბეჭდიდან ირკვევა, რომ მეცნიერთათვის ეს დინოზავრი დღემდე უცნობია ზავროპოდების „გენეალოგიური ხიდან“ . ნაკვალევის ზომის მიხედვით, შესაძლებელია თავად დინოზავრის ზომის დადგენაც: 15 მეტრზე მეტი სიგრძეში, წონაში კი 10 ტონაზე მეტი.
დინოზავრთა ნაკვალევი წყლის ქვეშ, საკმაო სიღრმეზე მდებარეობს. მეცნიერებს უჩნდებათ კითხვა, თუ რას აკეთებდნენ ზავროპოდები ასეთ ადგილებში: სავარაუდოდ, საკვებად ეძებდნენ წყალმცენარეებს, ემალებოდნენ მტაცებლებს ან სიცხის დროს უბრალოდ გრილდებოდნენ.
წყარო: newscientist.com