შოთა რეხვიაშვილი - მარნეულის მუნიციპალიტეტიდან გუშინ 100 ტონაზე მეტი პროდუქტი გავიდა, დღესაც მანქანები მისულია და იტვირთებიან
მარნეულის მუნიციპალიტეტიდან გუშინ 100 ტონაზე მეტი პროდუქტი იქნა გატანილი, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსავალი ჭარბია და გარკვეული შეზღუდვების გამო, ადგილობრივ ბაზარზე მოხმარება შემცირებულია.
როგორც გუბერნატორი აცხადებს, სადისტრიბუციო კომპანიამ გუშინ მუნიციპალიტეტიდან პროდუქტები 13 და 10 ტონიანი ავტომობილებით გაიტანა.
„ჩვენი თანამოქალაქეები ძალიან მშრომელი ხალხია და არის ძალიან უხვი, ჭარბი მოსავალი. ძალიან მსხვილი მარკეტებიც კი დაკეტილია. რესტორნული, ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისები აღარ მუშაობს და ბუნებრივია, შემცირდა ადგილობრივ ბაზარზე მოხმარება. მიუხედავად ამისა, გუშინ სადისტრიბუციო კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ და მისგან მარაგდება მთლიანად ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, გაიტანა ხუთი დიდი მოცულობის, 13 და 10 ტონიანი მანქანებით პროდუქცია“, – განაცხადა რწმუნებულმა.
ამასთან, მისი თქმით, სოფლებში, სადაც კიტრის მოსავალია, შესაბამისად აღჭურვის შემდეგ, ადგილობრივებსაც მიეცათ საშუალება, „ემ 2“ ტიპის ავტომობილებით თავადაც გაეტანათ პროდუქტი და ეს მიდგომა გაგრძელდება.
„ჩვენ ასევე მივიღეთ არაორდინარული გადაწყვეტილება. სოფლები, სადაც კიტრის მოსავალია, გავაკეთეთ ორგანიზება, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აღგვეჭურვა შესაბამისად დადგენილი სტანდარტით, ორგანიზებული კოლონით, საკუთარი „ემ 2“ კატეგორიის სამარშუტო ტიპის ტრანზიტული გადაზიდვა მოვახდინეთ ავტომობილებით. დიდ ტონიანი მანქანაც იყო. დისტრიბუციითა და ჩვენი მანქანით ისე, რომ მძღოლები არ გადმოსულიყვნენ და გარეთ კავშირი არ ჰქონოდათ, ჩავიდნენ სადისტრიბუციო სივრცეში მოიწონეს პროდუქცია, გააკეთეს ანგარიშსწორება და დაბრუნდნენ უკან. დისტრიბუციითა და ჩვენი ძალებით 100 ტონაზე მეტი წავიდა გუშინ. დღეს მანქანები მისულია და იტვირთებიან. იგივე რეჟიმით ვიმოქმედებთ დღესაც და ხვალაც“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.