შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებული მაღაზიის თანამშრომლის კონტაქტებს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ
ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის კონტაქტებს, რომელზეც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, „კოვიდ-19“ არ აღმოაჩნდათ.
„გუშინ მოგახსენეთ, რომ ბოლნისში დაფიქსირდა ქალაქის მცხოვრების, კერძო მაღაზიაში დასაქმებული ქალბატონის შემთხვევა. შესწავლილი იყო ბოლნისის კლასტერი და მჭიდრო კავშირები, დაახლოებით 40-მდე მასალა იყო გადაგზავნილი გამოსაკვლევად. ამ ქალბატონის ირგვლივ კორონავირუსზე დადასტურება არ არის, ანუ ნული გვაქვს, გავრცელება არ არის, რაც სასიხარულოა“, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა.
მან ასევე ისაუბრა დღეს დადასტურებულ შემთხვევებზეც. როგორც ცნობილია, ბოლნისში კორონავირუსი კარანტინში მყოფ ხუთ პირს დაუდგინდა, ისინი სასწრაფო დახმარების თანამშრომლები არიან.
„დღეს გავიდა ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან საკარანტინო სივრცეში განთავსებული ადამიანების 14 დღიანი ვადა და ბოლო გადამოწმებაზე აღმოჩნდა ხუთი დადასტურებული ფაქტი, ცნობილი იყო კლასტერები. ისინი მკაცრ კარანტინში იყვნენ და ამ პერიოდის განმავლობაში, არ იყო მასშტაბური გავრცელების რისკი“, – აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.
ამასთან, შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ ბოლო მონაცემებით, თეთრიწყაროში ასევე დადასტურდა კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა.
შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა მარნეულის სოფელ მარადისთან დაკავშირებულ შემთხვევაზეც.
„მარნეულშიც დადასტურდა კიდევ ერთი ფაქტი, სოფელ მარადისში, სადაც ოჯახში იყო კორონავირუსის ორი შემთხვევა. მარადისი არ იყო საკარანტინო სივრცეში, იქ მკაცრი იზოლაცია ჩვენგან კონტროლდებოდა, მათ შორის, პოლიციის მეშვეობით. იმავე ოჯახში დაემატა კორონავირუსის ერთი ფაქტი და ეს ოჯახი იყო სრულად თვითიზოლაციაში, ანუ იქაც გავრცელების არეალი არის შეზღუდული“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.