შოთა ხაბარელი - ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადაყენების საკითხს აღმასკომი არ გადაწყვეტს
შოთა ხაბარელი - ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადაყენების საკითხს აღმასკომი არ გადაწყვეტს

ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრის, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, შოთა ხაბარელის განცხადებით, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადაყენების საკითხს აღმასკომი არ გადაწყვეტს.

მისი თქმით, აღმასკომს აქვს ბერკეტი მთავარ მწვრთნელსა და სხვა საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილება.

„აღმასკომის სხდომა ამ წუთებში იწყება, მანამდე მე მოვისმინე ძიუდოისტების განცხადება. ეს რაც თქვეს ბიჭებმა, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას ასპარეზობებში, არ არის კარგი მესიჯი მათგან, რა გადაწყდება აღმასკომზე დასრულების მერე მოგახსენებთ. ფედერაციის პრეზიდენტის გადაყენების საკითხს აღმასკომი არ გადაწყვეტს, თუმცა აქვს ბერკეტი მთავარ მწვრთნელსა და სხვა საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა პირველ არხთან შოთა ხაბარელმა.

დღეს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრმა ფედერაციის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა.

სპორტსმენ ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ძიუდოისტები წყვეტენ ვარჯიშს და არ მიიღებენ მონაწილეობას შეჯიბრებებში, ვიდრე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას არ დატოვებს.

ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის შემდეგ, 30 აპრილს საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.