შოთა ცანავა - საქართველოში წარმოებულ პირბადეებთან დაკავშირებით აჟიოტაჟი გაუგებარია, რადგან მას ძალიან სერიოზული ორგანიზაცია ამოწმებს
პირბადეების უპირველესი დანიშნულება არის ის, რომ იყოს უსაფრთხო და ჰქონდეს ვირუსისგან დაცვის მაღალი დონე, – ამის შესახებ ლუგარის ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის უფროსმა, შოთა ცანავამ განაცხადა.
როგორც შოთა ცანავამ აღნიშნა, საქართველოში წარმოებულ პირბადეებთან დაკავშირებით აჟიოტაჟი გაუგებარია, რადგან მას ძალიან სერიოზული ორგანიზაცია ამოწმებს.
„არ ვიცი შეიძლება არ მოსწონს ვიღაცას ფერი, ზომა, არ მოსწონს სტრუქტურა, ეს ყველას ნებაა შეაფასოს. მე თუ მოვიყვან ცოლს და ის არ მოეწონება ჩემს მეზოლებს ან ჩემს ბიძაშვილს, ეს არაფერს არ ნიშნავს. მე ვარჩევ, მე ვიცი როგორი უნდა იყოს. იქ ფასზეც იყო ლაპარაკი და ა.შ. აქ მთავარია, იყოს უსაფრთხო, დაგვიცვას და შეასრულოს თავისი ფუნქცია. პირბადეების დანიშნულება უპირველესი არის ის, რომ იყოს უსაფრთხო. ამ ვირუსისგან დაცვის მაღალი დონე ჰქონდეს, ეს არის პირველი მოთხოვნა. მეორე ის უნდა იყოს ადვილად მოხმარებადი. დაავადებათა კონტროლის ცენტრში უპირველესი ყურადღება ექცევა უსაფრთხოებას და ეს უსაფრთხოება სპეციალისტების მიერ ფასდება. სპეციალისტები მუშაობენ თავაუღებლივ“, – განაცხადა შოთა ცანავამ.
მისივე თქმით, პირბადეების დამზადებაზე 100-ზე მეტი მიმართვაა, თუმცა ყველა უნდა გაისინჯოს, შემოწმდეს გარკვეული ტესტით და ამის შემდეგ ეძლევა რეკომენდაცია წარმოების.
„ჩვენ დიზაინზე და ა.შ. ვეღარ ვაგებთ პასუხს. მთავარი ღირებულება არის იყოს უსაფრთხო. ძალზე ბევრია მომწოდებელი და მსურველი, რათა შემოწმებული იქნას სხვადასხვა მატერია. კერძოებიც არიან. ჩვენ არ ვიცით, ვინ დგას ამის უკან, ჩვენთვის საინტერესოა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს. მრავალჯერადი გამოყენების პირბადეს უფრო მეტი მოთხოვნები აქვს. ერთჯერადი გამოიყენება 2-3 საათი, სამწუხაროდ მოსახლეობა კარგად ვერ ფლობს ამ ტექნიკას. სასურველია ერთჯერადი ნიღაბი გამოყენებული იქნას 2-3 საათი, მეტი არა. არ შეიძლება ნიღაბზე გარედან ხელის ფათური, არ შეიძლება ჩამოწევა ცხვირიდან, ჯიბეში შენახვა. მას არ უნდა შევეხოთ. ნიღაბი იმისთვის კი არ უნდა გავიკეთოთ, რომ რაღაც მორალურად დავმშვიდდეთ, არამედ იმიტომ, რომ არ შევეხოთ 2-3 საათის განმავლობაში. მრავალჯერადი უფრო სერიოზული დანიშნულებისაა, ჩვენ რეკომენდაციას ვიძლევით, რომ შესაძლებელი იქნას მრავალჯერადი გამოყენებული იქვე ვიძლევით რჩევას, რომ ის უნდა მოიხსნას, გაირეცხოს, გაუთავდეს, მაღალი ტემპერატურით დამუშავდეს, რომ შესაძლო ვირუსის ყოფნა თავიდან იქნეს აცილებული“, – განაცხადა შოთა ცანავამ.