შოთა ცანავა - „პისიარ“ დიაგნოსტიკა არის მთავარი იარაღი, რომლითაც შევძელით კორონავირუსული ინფექციის „მორჯულება“
შოთა ცანავა - „პისიარ“ დიაგნოსტიკა არის მთავარი იარაღი, რომლითაც შევძელით კორონავირუსული ინფექციის „მორჯულება“

პისიარდიაგნოსტიკაა ჯერჯერობით ის მთავარი იარაღი, რომლითაც შევძელით კორონავირუსული ინფექციის „მორჯულება“ ჩვენს ქვეყანაში და შევქმენით ნათელი სურათი, თუ რა ტრიალებს ჩვენს თავს, – ამის შესახებ ლუგარის ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის უფროსმა, შოთა ცანავამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.

„გენოტიპების განსაზღვრაში უკვე სექვენირება დაგვეხმარება. ეს სამუშაოები, რა თქმა უნდა, მიდის, ოღონდ მე კიდევ ვიმეორებ, ჯერჯერობით ჩენ ყველა შემთხვევასთან მივდივართ ამ „პისიარ“ დიაგნოსტიკით. ეს არის ძალზედ დიდი სამუშაო, ეს არის უზუსტესი სამუშაო. ეს არ არის რაღაც ისეთი ჯგუფების განსაზღვრა, მერე ამ ჯგუფების კვლევა და ა.შ. „პისიარ“ დიაგნოსტიკა არის ჯერჯერობით თანამედროვე, მსოფლიოში ყველაზე საიმედო საშუალება იმისა, რომ განვსაზღვროთ, არის თუ ადამიანი ინფიცირებული, არის თუ არა ამ ადამიანში ვირუსი“,- განაცხადა ცანავამ.

მისივე თქმით, ანტიგენისა და ანტისხეულის აღმოჩენაზე დამყარებული სწრაფი ტესტები არის დამხმარე საშუალებები ეპიდემიოლოგიური კვლევების დროს.

„განსაკუთრებით ეს ეხება ანტისხეულებით დიაგნოსტიკას, რომელიც ჩვენთვის, სპეციალისტებისთვის არის, არაზუსტს არ ვიტყოდი, მაგრამ დაბალი სპეციფიურობის. 70 პროცენტ შემთხვევაში ის იძლევა დადებით შედეგს და გვიჩვენებს წარსულში ინფიცირებული იყო თუ არა ადამიანი. რა თქმა უნდა, აქვს საშუალება იმისიც, რომ ახლანდელი ინფიცირებაც დიაგნოსტირდეს. მაგრამ ეს ინფიცირების მაჩვენებელი წარსულში რეტროსპექტული, არ მაძლევს იმის საშუალებას, ზუსტად განვსაზღვრო და ვთქვა, რომ აქ არის თუ არა კორონავირუსული ინფექცია.

მეტსაც გეტყვით, როდესაც სეროლოგიური ტესტი უარყოფითია, ეს არ ნიშნავს, რომ ის ნამდვილად უარყოფითია. შეიძლება, იყოს ვირუსი ადამიანის ორგანიზმში, ითმენს ადამიანის ორგანიზმი და არ ჩანს იმუნურ სისტემაში, ამას ჰქვია პერსისტენცია. პერსისტენცია არის ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს ვითმენ. ადამიანის ორგანიზმი ითმენს და რატომღაც არ ჩანს, არ აჩენს, კლინიკური სიმპტომები სახეზე არ არის. ყველაზე საშიში სწორედ ეს ხალხია და რა ვქნათ? ჩვენ ხელებს ვშლით ხოლმე, რომ ტესტმა, სეროლოგიურმა სწრაფმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და თავის გამართლება შეიძლება იმიტომ, რომ უარყოფითია შედეგი, ადამიანი არ არის ინფიცირებული, მაგრამ ამ დროს შეიძლება, ინფიცირებული იყოს“,- განაცხადა ცანავამ.

როგორც ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, იმის გასარკვევად, ინფიცირებულია თუ არა ადამიანი, აუცილებელია „პისიარ“ ტესტის ჩატარება.

„რა მეთოდი გვეხმარება, რომ ზუსტად ვთქვათ ინფიცირებულია თუ არა, ადამიანი – აუცილებლად „პისიარი“ და მეტ-ნაკლებად ანტიგენური ვარიანტი ამ სწრაფი ტესტის. ანუ, სწრაფი ტესტებით მანიპულირება, რატო არ გამოიყენება ფართოდ, რატომ არ იყენებს ქვეყანა ამ სწრაფ ტესტებს, იქნებოდა უკიდურესი არაპროფესიონალიზმი. ჩვენ, პროფესიონალებმა ძალიან კარგად ვიცით, რა მეთოდები უნდა გამოვიყენოთ განსაკუთრებით პირველ ეტაპებზე, როდესაც ძალზედ მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ თითოეული ინფიცირებული. „პისიარ“ დიაგნოსტიკა გვეხმარება, განვსაზღვროთ თითოეული ინფიცირებული და იქ კითხვის ნიშნები და მკითხაობა არ იყოს.

მასობრივი გამოკვლევები როდესაც დაგჭირდება, აქ უკვე სწრაფი ტესტირება არის გარდაუვალი. მე რომ მკითხოთ, ამ ეტაპის პირველ საფეხურზე ვართ. ჩვენ ვართ იმ საფეხურზე, როდესაც უნდა დავიხმაროთ ეს მეთოდი, დავიხმაროთ და არა ძირითადად მას დავეყრდნოთ. ჩვენ იქაც დადებით შედეგებს, ანტიგენურშიც და ანტისხეულებშიც, გადავამოწმებთ „პისიარ“ დიაგნოსტიკით“,- განაცხადა შოთა ცანავამ.