შოთა ბურჯანაძე - სტუმართმოყვარეობით ღია კარი უნდა ვიყოთ ტურისტებისთვის და წარმოუდგენელია, თაღლითობის თემაზე რომ გვიწევს საუბარი
ტურიზმი დღესდღეობით საქართველოს ხერხემალია და ჩვენ ახლა იმ ტოტზე ვზივართ, რომელსაც თვითონ ვჭრით, – ამის შესახებ „რესტორნების ასოციაციის“ პრეზიდენტმა, შოთა ბურჯანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„დღესდღეობით, თუ ქვეყანაში რომელიმე სფეროს სტაბილურობა აქვს, ეს არის ტურიზმი. ეს არის შემოსავლის წყარო და ვერც წარმომიდგენია, როგორ შეუძლიათ ადამიანებს, რომ თავიანთი ბიზნესი უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში არ განსაზღვრონ. დღეს ტურისტი რომ უბრალო შეკვეთაში 2 500 თუ 500 ლარს გადაიხდის, მხოლოდ თვითონ ხომ არ იქნება უკმაყოფილო. ამით დღეს, 21-ე საუკუნეში, საქართველო ფართო მასებისთვის საშიში ქვეყანა იქნება“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, დღეს, ტურიზმი ქვეყანაში სტაბილურობის ერთადერთი შესაძლებლობაა და თუ ტურისტების მოტყუებით ამ შესაძლებლობას ჩვენი ხელით მოვსპობთ, პრობლემები შეექმნება არა მხოლოდ ტურისტს, არამედ თითოეულ ადამიანს, ვინც ამ სფეროში მუშაობს და მთლიანად ქვეყანას.
„საქართველოში ჩამოსულ ტურისტს ჩვენი გასტრონომია მოსწონს. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ჩვენი განსხვავებულობითა და სტუმართმოყვარეობით ღია კარი უნდა ვიყოთ ყველა ადამიანისთვის და წარმოუდგენელია, ამ თემაზე რომ გვიწევს საუბარი“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ ტურისტების მოტყუება კრიმინალია და ამ ფაქტებზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
„ისტორიები, რომლებიც საქართველოს პირველი არხის გადაცემაში მოვისმინე, წინასწარ გათვლილი თაღლითური სქემაა, სადაც ადამიანს მოსადავებელი არ აქვს და ეს სქემა ისე აქვთ განსაზღვრული, რომ პოლიცია ვერ მიედავება. თუ მენიუში 150-ლარიანი კოქტეილია და ის მენიუ კლიენტამდე მიდის, შენ ვერ შეედავები, შეუკვეთა თუ არ შეუკვეთა ტურისტმა. მით უმეტეს, თუ ტურისტი ნასვამია და ა.შ, მაგრამ დამოკიდებულებაა არაჯანსაღი, როცა გასტროტურიზმში მუშაობ და ორ დღეზე გაქვს გათვლა“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
როგორც „რესტორნების ასოციაციის“ პრეზიდენტმა აღნიშნა, ტურისტების მოტყუების ფაქტები სავალუტო ჯიხურებშიც ხდება, სადაც პოლიცია მიდის და ტურისტთა საჩივრებს იღებს, მაგრამ ამაზე რეაგირებაა საჭირო, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს და ამით ქვეყნის იმიჯი არ დაზარალდეს.
მისივე თქმით, დაახლოებით, ოთხი-ხუთი წლის წინ პოლიციამ რეაგირება მოახდინა „რესტორნების ასოციაციის“ მიერ დაყენებულ ერთ-ერთ პრობლემურ საკითხზე და ეს პრობლემა გადაიჭრა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თუ ნება არსებობს, პრობლემის გადაჭრა მარტივია.
„პრობლემა იყო ერეკლეს ქუჩაზე პატარა ბავშვები, რომლებიც მათხოვრობდნენ. ისინი კრიმინალს არ ჩადიოდნენ, მაგრამ ეს ტურისტისთვის შემაწუხებელი იყო. ასოციაციის სახელით შსს-ში რამდენიმე ადამიანი მივედით, პრობლემაზე ვისაუბრეთ და ეს პრობლემა გადაიჭრა“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია, განისაზღვროს ტურისტის დაცვის შესაძლებლობა, რაც ქვეყნისთვის რეკლამა იქნება, რომ სახელმწიფომ მასზე იზრუნა.