შომიკ მენდრატი - შუა დერეფანს აქვს პოტენციალი, შექმნას სამუშაო ადგილები ხალხისთვის კავკასიაში, ყაზახეთში
შუა დერეფანს აქვს პოტენციალი, შექმნას სამუშაო ადგილები ხალხისთვის კავკასიაში, ყაზახეთში, – ამის შესახებ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის მიმართულების ხელმძღვანელმა, შომიკ მენდრატიმ შუა დერეფნის პოტენციალის ათვისების შესახებ მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა.
შომიკ მენდრატის თქმით, საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე არსებობს რიგი ოპერატიული საკითხები.
„დღევანდელი ღონისძიება ეხება მსოფლიო ბანკის ანგარიშს შუა დერეფნის შესახებ, იმას, თუ რა იქნება საჭირო ამ დერეფნის პოტენციალის გამოსავლენად. შუა დერეფანი, რა თქმა უნდა, არსებობდა და ის ემსახურებოდა კავკასიის ქვეყნებს, დაეხმარა ყაზახეთს თავისი საქონლის დიდი ნაწილის ევროპაში ექსპორტში, ასევე ჩინეთში. ბოლო ორი წლის განმავლობაში რაც შეიცვალა, არის ის, რომ, სხვადასხვა გეოპოლიტიკური მიზეზის გამო, ეს გახდა ადგილი, სადაც ხალხი ეძებს პოტენციურ სახმელეთო ხიდს. ამან გაზარდა როგორც ინტენსივობა, ასევე შესაძლებლობა, რაც აქვს შუა დერეფანს. ამიტომაც იყო კვლევების კურსი, EBRD-მა ჩაატარა კვლევა, ჩვენ გავაკეთეთ კვლევა, რომელიც მიმოიხილავს, რა იქნება საჭირო, რათა შუა დერეფანი გახდეს კონკურენტუნარიანი სახმელეთო ხიდის მოძრაობისთვის.
ჩვენ რაც აღმოვაჩინეთ, არის ის, რომ საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე არსებობს რიგი ოპერატიული საკითხები. უნდა ვიფიქროთ დიგიტალიზაციაზე, საზღვრის მართვასა და სერვისების გამარტივებაზე. ამ დროისთვის შუა დერეფანი ჰგავს სხვადასხვა სიმძლავრის მილების სერიას, რომლებიც ერთმანეთთან ძალიან თავისუფლად არის შეერთებული. საჭიროა ერთი სერვისი, ერთი მილი, რათა გადამზიდებმა, რომლებსაც ერთი ბოლოდან მეორეში სურთ კონტეინერების გადაადგილება, იფიქრონ დერეფანზე, როგორც სიცოცხლისუნარიან ალტერნატივაზე.
უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე არ ეხება მხოლოდ კონტეინერების ერთი ბოლოდან მეორეზე გადატანას. ამ დერეფანს აქვს პოტენციალი, შექმნას სამუშაო ადგილები ხალხისთვის კავკასიაში, ყაზახეთში. ასე რომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ დერეფნად გადაქცევაზე, ვსაუბრობთ იმაზე, როგორ გამოვიყენოთ ის ფაქტი, რომ თქვენ გაქვთ დიდი სატრანსპორტო დერეფანი თქვენს სამეზობლოში სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ეს არ არის მარტივი, მაგრამ ეს არის პოტენციალი, რაც არსებობს“, – შომიკ მენდრატიმ.