შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვაჟა სირაძე დაინიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე პოლიციის მაიორი ვაჟა სირაძე დაინიშნა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს. ვაჟა სირაძემ თანამდებობაზე მიხეილ დილიმაშვილი შეცვალა, რომელიც აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა.
ვაჟა სირაძე 2019 წლის თებერვლიდან აგვისტომდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ვაჟა სირაძე 1986 წელს დაიბადა. ის პროფესიით სამართალმცოდნეა.
იგი 2003-2008 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2007-2010 წლებში ვაჟა სირაძემ პროფესიული საქმიანობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს ოპერატიულ-სამძებრო სამმართველოს მთავარი ინსპექტორის პოზიციაზე დაიწყო;
2010 წელს მან საქმიანობა განაგრძო ამავე მთავარი სამმართველოს რეგიონული სამმართველოს (თბილისი-მცხეთა-მთიანეთის) ობიექტების უსაფრთხოების სამსახურში, მთავარი ინსპექტორის პოზიციაზე;
2011 წელს ამავე დანაყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა;
2012-2013 წლებში ვაჟა სირაძემ საქმიანობა განაგრძო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის I განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე;
2013-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის სამმართველოს უფროსის მოადგილედ – დეტექტივების განყოფილების უფროსად;
2014-2015 წლებში საქმიანობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;
2015 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს II განყოფილების უფროსის მოადგილედ;
2015-2016 წლებში საქმიანობა განაგრძო შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო ხაშურის რაიონული სამმართველო უფროსის პოზიციაზე;
2016-2018 წლებში ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობა;
2018 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსის პოზიციაზე;
2018-2019 წლებში საქმიანობა განაგრძო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე;
ვაჟა სირაძე 2015 და 2018 წელს შინაგან საქმეთა მინისტრმა დააჯილდოვა მედლით – „მამაცობისთვის“.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს;
ჰყავს მეუღლე და შვილი.