შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახალ პროექტს იწყებს
შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახალ პროექტს იწყებს, რომელიც ქართველი ინფლუენსერებისა და ბლოგერების მთიან აჭარაში მოგზაურობით გაიხსნება.
ერთი კვირის განმავლობაში ბლოგერები აჭარის ეროვნულ პარკებში, მთიანი აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტებზე იმოგზაურებენ და აჭარის ტურისტულ პროდუქტებს შიდა ტურისტებს გააცნობენ.
პროექტის ფარგლებში საქართველოში შვიდი აქტიური ბლოგერი და ინფლუენსერი შეირჩა, რომლებსაც სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე ათასობით გამომწერი ჰყავთ.
პროექტის ფარგლებში ასევე, განახლდება აჭარის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების ამსხველი ფოტო-ვიდეო ბაზა. ინფლუენსერების შემდეგ აჭარაში უკვე ფოტოგრაფები იმოგზაურებენ. პროექტში ეტაპობრივად სხვადასხვა პროფესიის ადამიანის ჩართვა იგეგმება. დღემდე, აჭარაში შიდა ტურიზმის სტიმულირება ონლაინ კამპანიით ხორციელდება.
„ჩვენი პროექტით ვუერთდებით კამპანიას „იმოგზაურე საქართველოსთვის“ და ვეპატიჟებით შიდა ტურისტებს აჭარაში. ჩვენი მთავარი მიზანი ბუნებრივია რეგიონში შიდა ტურისტების მოგზაურობის სტიმულირება და მათთვის აჭარის ტურისტული შესაძლებლობების გაცნობაა. კამპანიის ნაწილში ჩავრთეთ ბლოგერები და ინფლუენსერები, რომლებიც შთაბეჭდილებებსა და ემოციებს უზიარებენ ათასობით გამომწერს, რეკომენდაციებს აწვდიან, სად იმოგზაურონ. აჭარა კი ამ მიმართულებით ნამდვილად აღმოჩენაა ბევრი ქართველისთვის თავისი მრავალფეროვანი და საინტერესო ტურისტული პროდუქტებით“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.