საკარანტინო რეჟიმის ფარგლებში შიდა ქართლში საგანგებო საოპერაციო შტაბმა დაიწყო ფუნქციონირება. შტაბს შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი ხელმძღვანელობს. მისი განცხადებით, შტაბი კოორდინირებულად მუშაობს.
„საგანგებო მდგომარეობის პირობები გამკაცრდა. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ფარგლებში გვაქვს ხუთი გამშვები პუნქტი. ყველა პუნქტზე არის გამკაცრებული ყურადღება. მუნიციპალიტეტში შემსვლელ ყველა ადამიანთან ხდება გასაუბრება, თერმოსკრინინგი და მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისად კვლევა და დამატებითი ინფორმაციის მოძიება. რეგიონში საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის გათვალისწინებით სხვა შეზღუდვებიც იქნა შემოღებული. ამ დროისათვის, რეგიონში დარღვევის ფაქტი არ გვაქვს. საგანგებო საოპერაციო შტაბი შეუდგა ფუნქციონირებას. ყველა უწყების წარმომადგენელი, რომელსაც რაიმე შემხებლობა შეიძლება ჰქონდეს საგანგებო მდგომარეობასთან, არიან ჩართული და კოორდინირებულად ვმუშაობთ. აქვე გეტყვით, რომ მოხალისეთა ჯგუფებიც არის ამ პროცესში ჩართული. სასოფლო სამეურნეო საქმიანობის წარმოებას რაც შეეხება, უფლება ექნებათ ფერმერებს და ამ მხრივ შეზღუდვა არ არის. ასევე შეზღუდვა არ არის სასუქების თუ შხამ-ქიმიკატების შეძენის კუთხით“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.