შიდა ქართლში გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი ბოლო დღეების განმავლობაში შემცირებულია, – ამის შესახებ სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა დავით ყაზაიშვილმა პირველ არხთან განაცხადა.
„გორმედის“ ქსელის გორის, ხაშურისა და ქარელის კლინიკებში ამჟამად 240-მდე პაციენტი მკურნალობს და აქედან პაციენტების 30 პროცენტი სავარაუდო გრიპის სიმპტომატიკით მკურნალობს. წინა პერიოდთან შედარებით, გრიპის ვირუსის შემთხვევები თითქმის 10%-ით იკლო.
დავით ყაზაიშვილის განცხადებით, „გორმედის“ კლინიკებში სავარაუდოდ, გრიპის ვირუსის გართულებით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა.
„ბოლო კვირის განმავლობაში მომართვიანობა შედარებით შემცირდა და ამჟამად „გორმედის“ ოთხ კლინიკაში მკურნალობს 70-მდე პაციენტი, რომელთაც სავარაუდოდ, გრიპის ვირუსი აქვს. შედარებით შემცირდა მომართვიანობა, რაც გამოწვეულია ჯანდაცვის სამინისტროს სწორი განცხადებებით. ძირითადი მომართვიანობა გადავიდა ოჯახისა და სოფლის ექიმებზე, შედარებით მსუბუქი პაციენტები გადიან მკურნალობას და იღებენ მედიკამენტებს ბინაზე. ძირითადი პიკი იყო ახალი წლის დღეებში. შემცირდა ასევე ჰოსპიტალური პაციენტების რაოდენობა.
ექვსი პაციენტი გვყავდა რეანიმაციულ განყოფილებაში. გაუმჯობესებულ მდგომარეობაში მყოფი ორი პაციენტი უკვე გაეწერა, ოთხი კი, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები მძიმე დაავადებები, გარდაიცვალა. გუშინ 48 წლის მამაკაცი პოლიორგანული უკმარისობით გარდაიცვალა. ის შემოვიდა მაღალი ტემპერატურით, სუნთქვის უკმარისობით. აქ იყო თანმდევი დაავადებაც, ღვიძლის უკმარისობა. ამასთან, ლაბორატორიულად დადასტურდა H1N1“, – განაცხადა დავით ყაზაიშვილმა.