შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული - ამ ეტაპზე სახელმწიფოს ნომერ პირველი საქმეა, კირბალთან უკანონოდ დაკავებული მოქალაქე გადმოგვცენ​
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული - ამ ეტაპზე სახელმწიფოს ნომერ პირველი საქმეა, კირბალთან უკანონოდ დაკავებული მოქალაქე გადმოგვცენ​

ამ ეტაპზე სახელმწიფოს ნომერ პირველი საქმეა სოფელ კირბალთან უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გადმოცემა, ამაში ჩართული არიან როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურებიც, – ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ შაყულაშვილმა ჟურნალისტებს სოფელ კირბალში განუცხადა.

შაყულაშვილმა ასევე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო თავის თავზე იღებს.

მისივე თქმით, გამოძიება მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

„გუშინ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რა დროსაც საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელზეც კონტროლი ამჟამად რუსებს აქვთ, უკანონოდ დაკავებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო მეორეს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ამ ეტაპზე სახელმწიფოს ნომერ პირველი საქმე, რა დროსაც ჩარეული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურებიც, არის ის, რომ უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი ადამიანი გადმოგვცენ. ყველაფერი შესაძლებელია, რომ პასუხისგებაშიც მიეცნენ ის ადამიანები, ვინც ამაში დამნაშავეა და დარწმუნებული ვარ, ასევ იქნება.

გამოძიება მიმდინარეობს და ჩემი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, თითოეულ სიტყვას, შესაძლებელია, მნიშვნელობა ჰქონდეს, ამიტომ ვერც ვერაფერს დავამატებ და ვერც ვერაფერს მოვაკლებ ჩემ მიერ ნათქვამს. ყველანაირი ინფორმაცია გამაჩნია, მაგრამ ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. შეიძლება, ჩემმა სიტყვებმა ხელი შეუშალოს ჩვენს სამართლიან გამოძიებას“,  – განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.

კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა გაიმართა.