შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი - სუს-ის თანამშრომლების აქტიური მუშაობის შედეგად გადმოგვეცა თამაზ გინტურის ავტომანქანა, რომელსაც ახლა ექსპერტიზა უტარდება
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი - სუს-ის თანამშრომლების აქტიური მუშაობის შედეგად გადმოგვეცა თამაზ გინტურის ავტომანქანა, რომელსაც ახლა ექსპერტიზა უტარდება

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვალერი თელია აცხადებს, რომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოლაპარაკებების შედეგად, მოკლული თამაზ გინტურის ავტომანქანა ქართველ სამართალდამცავებს გადმოეცათ.

როგორც თელიამ განაცხადა, ავტომანქანას ექსპერტიზა უტარდება.

„შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება ჩვენი მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე. მოკლული თამაზ გინტურის ავტომობილი საოკუპაციო ხაზს იქით იყო. ჩვენ ამ დრომდე არ გვეძლეოდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების აქტიური მუშაობის შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება და აღნიშნული ავტომანქანა გადმოგვცეს. ავტომანქანას ახლა უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა.

შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ მანქანას რამდენიმე ნატყვიარი აქვს. ამ ეტაპზე რაოდენობის დასახელებისგან თავს შევიკავებ. ავტომობილში არის სისხლის კვალიც. რაც შეეხება თამაზ პაპიტაშვილს, ის გამოიკითხა და პაპიტაშვილი გვიდასტურებს, რომ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. ეს გავრცელებულ კადრებშიც ჩანს. შეესწრო თუ არა მკვლელობის ფაქტს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შევიკავებ თავს პასუხის გაცემისგან. ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გვამის ექსპერტიზის დასკვნა იქნება და იქ ცალსახად იქნება აღნიშული თამაზ გინტურის გარდაცვალების მიზეზი და ისიც, რა მდგომარეობაში გადმოგვეცა. მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის დასკვნა იქნება, უფრო მეტის თქმა შეგვეძლება. რაც შეეხება ოჯახის მიერ დასახელებულ სახელებს, ვინც მკვლელობაში იღებდა მონაწილეობას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისგან. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა ახლა არის უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილის გათავისუფლება. ახლა ვერსიებით ვერ ვილაპარაკებთ, დაველოდოთ ექსპერტიზის შედეგებს“,  – განაცხადა ვალერი თელიამ.

კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.