შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში შემუშავდა მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კლინიკებს გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების აღდგენის უფლება ექნებათ
მთავრობის მიერ დაანონსებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში, სტომატოლოგიის ასოციაციებთან და სტომატოლოგთა პროპკავშირებთან შეთანხმებით, მათი უშუალო ჩართულობით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათავალისწინებით, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების აღდგენის პროცესთან დაკავშირებით გარკვეული მოთხოვნები შემუშავდა, – ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღის ბოლომდე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.rama.moh.gov.ge გამოქვეყნდება სპეციალური განაცხადის ფორმა და ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ სტომატოლოგიური დაწესებულებები.
სტომატოლოგიურმა კლინიკებმა უნდა შეავსონ განაცხადი და გადააგზავნონ ელექტრონილი ფოსტის მისამართზე – [email protected].
„11 მაისიდან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულიების სააგენტოს და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები შემოსული განცხადებების საფუძველზე დაიწყებენ სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგს.
შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში და გეგმური შემოწმების განხორციელების შემდეგ, კლინიკებს მიეცემათ უფლება, ჩვენს მოსახლეობას მიაწოდონ გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების სერვისი“, – აღნიშნა ზაალ კაპანაძემ.