ოთარ კახიძე - შესრულდება შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნა და აქციაც დაიშლება
ოთარ კახიძე - შესრულდება შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნა და აქციაც დაიშლება

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ იზიარებს და მას არც აქციის ორგანიზატორები იზიარებენ.

მისი თქმით, აქციას ჰქონდა სამი მოთხოვნა, საიდანაც ერთი დარჩა შესასრულებელი და აქცია მისი შესრულებისთანავე დაიშლება.

„მის ამ პოზიციას არ ვიზიარებ და არც აქციის ორგანიზატორები იზიარებენ. ჩვენ ამ მოთხოვნას არ ვიზიარებთ, შესაბამისად, მას რაღაც მოთხოვნები, რაც ექნება, ეს სხვა მოთხოვნებია, მაგრამ აქ ჩვენ რა მოთხოვნებიც გვაქვს, ეს იყო გათავისუფლება ყველა დაკავებულის – შესრულებულია, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა – შესრულებულია, დარჩა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა. შესრულდება ეს მოთხოვნა და აქციაც დაიშლება და ჩვენ უნდა მოვემზადოთ შემდგომი ნაბიჯისთვის, ეს არის მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რასაც უნდა შეხვდეს საზოგადოება მომზადებული“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისი თქმით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან გარემოში.

„ჩვენ უნდა გვყავდეს ისეთი პარლამენტი, რომელსაც ივანიშვილი კი არ დანიშნავს, არამედ ქართველი ხალხი აირჩევს“, – აღნიშნა დეპუტატმა ოთარ კახიძემ.

აქციაზე დღეს იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, რომელმაც განაცხადა, რომ უნდა გადადგეს მთავრობა და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამასთან, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის შესახებ ისაუბრა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა.