შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის კიდევ ორი სახლი გაიხსნა
დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის კიდევ ორი სახლი გაიხსნა.
საოჯახო ტიპის სახლი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა საზეიმოდ გახსნეს.
ახლად გახსნილ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში“ მცხოვრები ბავშვები განთავსდნენ. შედეგად, „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის“ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საბოლოოდ დასრულდა.
საოჯახო ტიპის სახლების მშენებლობა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში განხორციელდა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, საერთო ჯამში, სამი მცირე საოჯახო ტიპის სახლი აშენდა, გარემონტდა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გადაეცა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახლები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებზე და თითოეული განკუთვნილია შვიდ ბავშვზე. ამასთანავე, ბავშვებისთვის უზრუნველყოფილია ოჯახთან მიახლოებულ გარემოში ცხოვრება და ინდივიდუალური ზრუნვა, რაც მნიშვნელოვნად აისახება მათ განვითარებაზე და მეტად იქნება დაკმაყოფილებული ინდივიდუალური საჭიროებები.
გახსნის ღონისძიებას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი მერი მაღლაფერიძე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ეროლ მიუნირი, ასევე, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.