შეწყალების საქმეზე დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორები პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებიან
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორები გიორგი ტალახაძე, გიორგი მიროტაძე და ლაშა ხურცილავა გამოკითხვაზე იმყოფებიან.
ერთ-ერთი მათგანის, გიორგი მიროტაძის განცხადებით, ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
„სიასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ვარ დიმიტრი გაბუნიას ბიზნესპარტნიორი. რადგან დამიბარეს, კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და მოვედი, რომ შეკითხვებზე ვუპასუხო. არანაირი კავშირი ამ საქმესთან არ მაქვს. სახელებიც კი არ ვიცი შეწყალებულების და დაზარალებულების. ვიცი მხოლოდ ის, რაც ტელევიზიით გავიგე. კომპანიის მეწილე გავხდი ერთი თვის წინ. კომპანიის ისტორია არ ვიცი. სპეციალობით იურისტი არ ვარ. მე ვარ ბანკირი“, – განაცხადა მიროტაძემ.
საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ გაბუნიას პარტნიორებს, ლაშა ხურცილავასა და გიორგი ტალახაძეს.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.
საქმეზე უკვე გამოიკითხა მოკლული დავით ოთხმეზურის მამა გიორგი ოთხმეზური. გამოძიების კითხვებს უპასუხა მოკლული იოსებ ქოიავას მამამ, თამაზ ქოიავამ. პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი.
20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.