შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი დმანისში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს
მივესალმებით დმანისში ინციდენტის აღმოფხვრას და რწმენას გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, სრულად გაიზიარებს სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას სტაბილური, მშვიდობიანი და თანასწორი გარემოს განსამტკიცებლად, რაც ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია, – ამის შესახებ აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.
„16 მაისის საღამოს ქალაქ დმანისში, მოქალაქეებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი, სამწუხაროდ, მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტიდან გამომდინარე ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან განხორციელდა სათანადო რეაგირება, სამართალდამცავი სამსახურების მიერ კომპეტენციის თანახმად დაძაბულობის დეესკალაციისთვის გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები და გატარდა სამართლებრივი ზომები.
მიუღებელია დღის განმავლობაში სხვადასხვა პირების მხრიდან გაჟღერებული გარკვეული შეფასებები, რაც მიზანმიმართულად თუ უნებლიეთ, შესაძლოა, აღნიშნული ინციდენტის ეთნიკურ ჭრილში წარმოჩენის მცდელობას ემსახურებოდეს.
მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე სიფრთხილით მოეკიდოს ისეთი განცხადებების გაკეთებას, რასაც მსგავს სიტუაციებში შეუძლია, გამოიწვიოს ვითარების ხელოვნურად დაძაბვა სახელმწიფოსა და ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების ინტერესების საზიანოდ.
მივესალმებით ინციდენტის აღმოფხვრას და რწმენას გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, სრულად გაიზიარებს სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას სტაბილური, მშვიდობიანი და თანასწორი გარემოს განსამტკიცებლად, რაც ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია“,- აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.
დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან გუშინ ინციდენტი მოხდა, რა დროსაც მაღაზიის მეპატრონე სცემეს, რომელსაც შემდეგ სამედიცინო დახმარება გაეწია. განადგურდა მაღაზიის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა გამოცემამ გუშინ გაავრცელა ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც მაღაზიასთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. მთელი ღამის განმავლობაში დმანისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობდა. ამასთან, დმანისში დღეს ვითარება დილიდანვე დაიძაბა. ადგილობრივებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, ვითარების განმუხტვას კი, სამართალდამცველები ცდილობდნენ.
აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა ეტიბარ ემინოვმა დმანისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მხარეები შერიგდნენ. მისი თქმით, მხარეები შერიგებაზე შეთანხმდნენ და კონფლიქტს გაგრძელება არ ექნება.