შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტესტირება კიდევ ოთხ მუნიციპალიტეტში - ქობულეთში, ხელვაჩაურში, მარტვილსა და ბორჯომში მიმდინარეობს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 17 აგვისტოდან ე.წ. სეროპრევალენტობის, ანუ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადამიანთა კვლევა კიდევ ოთხ მუნციპალიტეტში – ქობულეთში, ხელვაჩაურში, მარტვილსა და ბორჯომში დაიწყო.
გამყრელიძის თქმით, კვლევისთვის 1200 ადამიანია შერჩეული და უნდა დადგინდეს, გადატანილი აქვთ თუ არა მათ კორონავირუსული ინფექცია, სიმპტომით ან უსიმპტომოდ. თავის მხრივ კი, კვლევის შედეგმა უნდა აჩვენოს გარკვეული სურათი ქვეყანაში ინფექციის ცირკულირების შესახებ.
გამყრელიძე ამბობს, რომ ასეთი კვლევები საქართველოში პერიოდულად გაგრძელდება.
„17 აგვისტოდან დავიწყეთ ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევა ქვეყნის ოთხ დიდ მუნიციპალიტეტში. ესენია: ქობულეთი, ხელვაჩაური, მარტვილი და ბორჯომი. სეროპრევალენტობის კვლევა გულისხმობს იმას, რომ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 1200 პირი შეირჩა და მიმდინარეობს გამოკვლევა იმუნოგლობულინ ჯი-ზე, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას, ადამიანს კორონავირუსული ინფექცია სიმპტომებით ან უსიმპტომოდ გადატანილი აქვს თუ არა. ამ კვლევას დაახლოებით ერთი თვე, თვენახევარი დასჭირდება. აღნიშნული ტიპის კვლევა ორი თვის წინ ჩავატარეთ თელავსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, საკმაოდ კარგი ინფორმაცია მოგვცა. ამ ტიპის კვლევები გარკვეული პერიოდულობით ქვეყანაში ჩატარდება, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას ქვეყანაში ინფექციის ცირკულირების შესახებ – ადამიანების რამდენ პროცენტს სიმპტომებით ან უსიმპტომოდ, უფრო ხშირად უსიმპტომოდ, გადატანილი აქვს ინფექცია და არ იცის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.