შემოწმებული ობიექტების 8 პროცენტში მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით, დარღვევები გამოვლინდა
სხვადასხვა ტიპის ობიექტების შემოწმებისას, ერთი თვის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, დარღვევები 8% -ში გამოვლინდა, ობიექტების 92% კი კანონის მოთხოვნებს იცავს. ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა ღონისძიებაზე „მსოფლიო თამბაქოს გარეშე” განაცხადა. გიორგი ბახტურიძის თქმით, დარღვევები არა მხოლოდ სამასპინძლო ბიზნესზე, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობებზე, კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ თეატრებზეც მოდის.
„მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით, ერთი თვის განმავლობაში შევამოწმეთ დაახლოებით 500-მდე სხვადასხვა ტიპის ობიექტი და აღმოჩნდა რომ ამ ობიექტებიდან 92% იცავს კანონის მოთხოვნებს. 8%- ში დარღვევები დაფიქსირდა. შესაბამისი ოფიციალური მიმართვები ჩვენ უკვე გავაკეთეთ და ხელმეორე მონიტორინგის დროს, თუ მსგავსი ფაქტები დაფიქსირდება, იძულებული ვიქნებით კანონით განსაზღვრული ზომები მივიღოთ ანუ შესაბამისი უფლებამოსილი პირები გამოვიძახოთ”,-განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.
ალიანსის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა დიდ სავაჭრო ობიექტებში კანონის დარღვევის ფაქტებსა და თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან რეკლამის განთავსებაზე.
ღონისძიებას „მსოფლიო თამბაქოს გარეშე” ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს და ორგანიზებას უწევს აღმასრულებელი სტრუქტურებისა და თამბაქოს კონტროლის სფეროს წარმომადგენელთა შეხვედრას.