შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოდან პირბადეების გაგზავნა კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში შეიზღუდა
საქართველოს ფარგლებს გარეთ დიდი რაოდენობით სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში შეიზღუდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.
პირბადეების გაგზავნა 27 თებერვლიდან აიკრძალა.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკ-ფაქტორების მინიმალიზაციის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე, 2020 წლის 27 თებერვლიდან შეიზღუდა საქართველოს ფარგლებს გარეთ დიდი რაოდენობით სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა“, – აცხადებენ უწყებაში.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს და სთხოვს საზოგადოებას, გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული გარემოება.
„შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, სამედიცინო ნიღბების დეფიციტი მთელ მსოფლიოში შეიქმნა, მათ შორის საქართველოშიც“, – აღნიშნავენ შემოსავლების სამსახურში.