შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოდან პირბადეების გაგზავნა კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში შეიზღუდა

16:36, 28.02.2020

საქართველოს ფარგლებს გარეთ დიდი რაოდენობით სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში შეიზღუდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

პირბადეების გაგზავნა 27 თებერვლიდან აიკრძალა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკ-ფაქტორების მინიმალიზაციის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე, 2020 წლის 27 თებერვლიდან შეიზღუდა საქართველოს ფარგლებს გარეთ დიდი რაოდენობით სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა“, – აცხადებენ უწყებაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს და სთხოვს საზოგადოებას, გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული გარემოება.

„შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, სამედიცინო ნიღბების დეფიციტი მთელ მსოფლიოში შეიქმნა, მათ შორის საქართველოშიც“, – აღნიშნავენ შემოსავლების სამსახურში.

მსგავსი