შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ „აუტოგრაფ ქოლექშენის“ სასტუმროებს შორის ევროპაში პირველ ადგილზე დასახელდა [ფოტო]
შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ „აუტოგრაფ ქოლექშენის“ სასტუმროებს შორის ევროპაში პირველ ადგილზე დასახელდა [ფოტო]

„მარიოტ ინტერნეიშენალმა“ (Marriott International) სასტუმრო „პარაგრაფი“ „აუტოგრაფ ქოლექშენის“ (Autograph Collection) სასტუმროებს შორის ევროპაში პირველ ადგილზე დაასახელა.

ამის შესახებ ინფორმაციას სასტუმრო „პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სტატუსი მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსით განისაზღვრა. ამასთან, აღნიშნავენ, რომ სასტუმრო ამ მონაცემით უსწრებს მილანში, კოპენჰაგენში, ვარშავაში, ბარსელონასა და სხვა ევროპულ ქალაქებში არსებულ სასტუმროებს.

„მარიოტის“ ვიცე-პრეზიდენტ ჯონ ლაისენსის თქმით,  მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსი სასტუმროს წარმატების მთავარი მაჩვენებელია.

„პარაგრაფი“ შესანიშნავი დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც სტუმრებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც „მარიოტის“ ქსელისთვის დამახასიათებელი მომსახურების სერვისისა და ქართული სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებაა. ვამაყობთ, რომ „პარაგრაფ შეკვეთილი“ ავტოგრაფის კოლექციის ნაწილია. გახსნის დღიდან, ერთი წლის თავზე ამ სასტუმრომ დაუჯერებელ წარმატებას მიაღწია, რაც ადასტურებს, რომ სასტუმრო არა მხოლოდ აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს, არამედ ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს“, – განაცხადა ჯონ ლაისენსმა.

როგორც სასტუმროს ინფორმაციაშია აღნიშნული, 220-ნომრიან სასტუმროში დასაქმებულია 450 ადამიანი. სასტუმროში თავმოყრილია 1600 მ³ მოცულობის აკვარიუმი, 115 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზი, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ზამთრის ბაღი, მასშტაბური საკონფერენციო დარბაზები და რესტორნები.

სასტუმროს ჯამური ინვესტიცია 100 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს და მისი მშენებლობა 2017 წელს დასრულდა.