ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტი ბრიუსელში გაიხსნა. მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და პროგრამის მონაწილე ექვსი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობის წევრები ესწრებიან. სამიტის მონაწილეები ამ წუთებში იკრიბებიან. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
როგორც სამიტის წინ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, სამიტზე სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.
პრიორიტეტულად კი დასახელებულია ოთხი საკითხი: 1. ძლიერი ეკონომიკა, რაც ეკონომიკის განვითარებას და ბაზრის შესაძლებლობების უკეთ გამოყენებას ითვალისწინებს; 2. ძლიერი მმართველობა, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას გულისხმობს; 3. ძლიერი კავშირები, რაც ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას უკავშირდება; 4. ძლიერი საზოგადოება, რაც მოქალაქეებს შორის კავშირების განმტკიცებას ეხება.