შავი ზღვის უნივერსიტეტმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სააპელაციო საბჭოს საჩივრით მიმართა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სააპელაციო საბჭოს საჩივრით მიმართა.
უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების ხელახლა განხილვას ითხოვს. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება გახდა, უნივერსიტეტისთვის სტუდენტთა მიღების პროცესის ერთი წლით შეჩერების მიზეზი.
უნივერსიტეტის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის მოსაზრებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონს ეწინააღმდეგება.
„მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება, რომლითაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერთი წლის ვადით შეეზღუდა სტუდენტთა მიღება, ასევე ნაცვლად 3500-ისა, სტუდენტთა კონტინგენტი დაუმტკიცდა 2500-ის ოდენობით, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. ჩვენს საჩივარში ვრცლად არის დასაბუთებული ის კანონდარღვევები, რომელიც ჩადენილი აქვს ავტორიზაციის საბჭოს“, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურისტის განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უნივერსიტეტს საშუალება ექნება, რიგგარეშე მობილობის საშუალებით, სტუდენტთა ის ნაკადი მიიღოს, ვისაც ჩაბარება სურდა. ადვოკატს დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს.
„იმ შემთხვევაში, თუ საბჭო იხელმძღვანელებს კანონის მოთხოვნით, ცხადია, უნდა დაკმაყოფილდეს საჩივრის მოთხოვნა, რითაც შესაძლებელი იქნება სტუდენტთა მობილობის განახლება. საჩივარი დასაშვებად არის მიჩნეული და თვის ბოლოს ველოდებით გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვგეგმავთ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას“, -განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, ავტორიზაციის საბჭომ, ექვსწლიანი ავტორიზაციის მინიჭების პარარელურად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, სტუდენტთა მიღების უფლება ერთი წლით შეუჩერა, რის გამოც უნივერსიტეტმა 800-მდე სტუდენტის მიღება ვერ მოახერხა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ავტორიზაციის საბჭოს ინფორმაციით, ფინანსური დავალიანება გახდა.