შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადეს
შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადეს, თუმცა სასამართლო ბრძოლას აგრძელებენ, – ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციასთან სტუდენტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.
ისინი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც სასწავლებელს სტუდენტების მიღება ერთი წლის ვადით შეუჩერდა, უსამართლოს უწოდებენ და აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
უნივერსიტეტის სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს დროს 27 აგვისტოს 18:00 საათამდე აძლევენ, რათა მიღებული გადაწყვეტილება ბათილად ცნოს. სწორედ ამ ვადაში ელოდებიან პრემიერ-მინისტრის გამოხმაურებასაც.
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება შეუსრულებელი ფინანსური დავალიანებებისა და დაყადაღებული უძრავი და მოძრავი ქონების გამო ერთი წლით შეეზღუდა.
IBSU-ში აცხადებენ, რომ ექსპერტების დასკვნის მიხედვით, უნივერსიტეტმა ავტორიზაციის ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და მიმართავენ არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს.