შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციებს გეგმავენ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტმა, ნიკა ლეთოდიამ განათლების მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სტუდენტები საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ. მისივე თქმით, მინისტრთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
„ჩვენმა საინიციატივო ჯგუფმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან არც ერთ ჩვენს კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გაცემულა. ყველა დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ ეს არ იყო მისი კომპეტენცია. მინისტრმა უბრალოდ განგვიმარტა, რაც დასკვნაში ეწერა. შეხვედრას აზრი არ ჰქონდა და ამის გამო დავტოვეთ. მინისტრი 45 წუთი ჩვენს კითხვებს ისმენდა და შემდეგ საუბარი თვითონ დაიწყო. აქციებს ვაპირებთ, არ გავჩერდებით. გვჯერა, რომ ბრძოლას აზრი აქვს. სტუდენტები ის ძალაა, რომელსაც ამ ქვეყანაში ყველაფრის მიღწევა შეუძლია”,-განაცხადა ნიკა ლეთოდიამ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. სტუდენტების ნაწილი განათლების სამინისტროსთან სპეციალური საბჭოს გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად შეიკრიბა, რომლის მიხედვითაც, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერთი წლით პირველკურსელთა მიღება შეეზღუდა.