შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამას აცხადებს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამას აცხადებს.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა, გერმანიის ქალაქ ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან და აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად გამოცხადდა.
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) უკონკურენტო, სრულიად ახალ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას გთავაზობთ!
გერმანიის ქალაქ ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან და აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად, IBSU გთავაზობთ სრულიად ახალ, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, ორმაგი დიპლომის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას – „მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება“ (Management with Computer Science).
პროგრამაზე ყველა ჩარიცხული სტუდენტი პირველი სემესტრის განმავლობაში ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში სწავლობს, ხოლო მეორე და მესამე სემესტრებს თვითონ ირჩევს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ერთ-ერთს აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან; მეოთხე სემესტრში მშობლიურ უნივერსიტეტში, სამაგისტრო ნაშრომის დასაცავად ბრუნდება. აქვე აღსანიშნავია, რომ სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი, შესაძლებელია, ჰყავდეს ორი, ერთი მშობლიური უნივერსიტეტიდან და ასევე, რომელიმე პარტნიორი უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი.
პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი პირველი სემესტრის საფასურისგან სრულიად თავისუფლდება, რადგანაც ამ პერიოდის განმავლობაში ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ისწავლის, სადაც სწავლა უფასოა.
პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტს შეუძლია, გერმანიაში სწავლის პერიოდში საცხოვრებელი და სამოგზაურო ხარჯების დასაფარად სტიპენდიაც მოიპოვოს, რომელიც სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე გაიცემა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სწავლის წარმატებით დამთავრების შედეგად სტუდენტი IBSU-ს და ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ გაცემულ საერთაშორისოდ აღიარებულ ორ დიპლომს მიიღებს, შესაბამისი კვალიფიკაციებით“, – ნათქვამია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციაში.