გიორგი ამილახვარი - განხორციელდება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, აბიტურიენტს გრანტის მოპოვება თუ არ სურს, ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება ეროვნული სამაგისტრო გამოცდების გარეშე შეეძლება
გიორგი ამილახვარი - განხორციელდება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, აბიტურიენტს გრანტის მოპოვება თუ არ სურს, ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება ეროვნული სამაგისტრო გამოცდების გარეშე შეეძლება

საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, უახლოეს მომავალში განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები მაგისტრატურასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, კონკრეტულ მიმართულებაზე სამაგისტრო პროგრამა გახდება ერთწლიანი.

ამილახვარის განმარტებით, პირველ ეტაპზე ეს ცვლილება მხოლოდ ბიზნესისა და მართვის მიმართულების პროგრამებს შეეხება.

განათლების მინისტრის თქმით, სიახლეა ისიც, რომ იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს გრანტის მოპოვების სურვილი არ აქვს, მას ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება ეროვნული სამაგისტრო გამოცდების გარეშე შეეძლება.

„შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება, უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ, განახორციელონ ერთწლიანი, ანუ 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამა. პირველ ეტაპზე ესეც ბიზნესისა და მართვის მიმართულების პროგრამებს შეეხება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. ასევე მნიშვნელოვანი სიახლე იქნება, რომლის მიხედვითაც, თუ აბიტურიენტს არ უნდა გრანტის მოპოვება, მას პირდაპირ, ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების გარეშე შეეძლება ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება. ვფიქრობთ, სამაგისტრო საფეხურზე ეს არის მოქნილი პროგრამა, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს აძლევს უნივერსიტეტებს, სტუდენტებს შესთავაზონ სხვადასხვა ვიწრო სპეციალობის პროგრამები, მეორე მხრივ, ხელს აძლევს დაინტერესებულ სტუდენტებს, ვიწრო მიმართულებით გაიღრმაონ ცოდნა“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

შეგახსენებთ, განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ასევე განაცხადა, რომ ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამით სადოქტორო საფეხურზე გადასვლა ვერ მოხერხდება, ამისთვის აუცილებელი იქნება ორწლიანი პროგრამის გავლა.