„შავი ზღვის ჯაზფესტივალი“ ჯგუფ R+R=Now-ს კონცერტით დაიხურა. ექვსმა ჯაზშემსრულებელმა ორსაათიანი პროგრამა წარმოადგინა და ჯაზის ვარიაციები შეასრულა.
R+R=Now-ს სოლისტი რობერტ გლასპერი ქართველ მსმენელს სცენიდან მიესალმა.
ვარსკვლავური ჯაზბენდი ბათუმში მსოფლიო ტურის ფარგლებში დღეს ჩამოფრინდა.
დასკვნითი კონცერტის დაწყებამდე მსმენელის წინაშე წარდგა იტალიელი მუსიკოსი და პროდიუსერი Mop Mop-ი, რომელმაც სახელი ვუდი ალენის ფილმისთვის To Rome With Love შექმნილი მუსიკით გაითქვა. მისი ბენდის ერთ-ერთ მუსიკოსს ჩოხა ეცვა.
„შავი ზღვის ჯაზფესტივალმა“ ოთხი დღის განმავლობაში დაახლოებით 70 მუსიკოსს უმასპინძლა. Black Sea Jazz Festival-ი წელს „ლედ ზეპელინის“ ყოფილმა სოლისტმა, რობერტ პლანტმა „ბლექ სი არენაზე“ გამართული კონცერტით გახსნა, რის შემდეგაც ჯაზფესტივალი ბათუმში გაგრძელდა.
ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე წარდგნენ უაიკლეფ ჟანი, Trombone Shorty & Orleans Avenue, ერიკა ბადუ.
„ფესტივალი სტუმრებს მომავალ წლამდე დაემშვიდობა და „ბლექ სი ჯაზფესტივალამდე“ რამდენიმე კონცერტი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის რუსთავსა და კახეთში დააანონსა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ფესტივალის დირექტორმა გიორგი კერესელიძემ.