„შავი სიაში“ მოხვედრილმა რუსმა მილიარდერებმა ერთ დღეში 1,06 მილიარდი დოლარი დაკარგეს
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ე.წ. „კრემლის ანგარიშის“ გამოქვეყნებიდან ერთი დღის განმავლობაში, რუსმა ბიზნესმენბმა საერთო ჯამში, ერთ მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს.
შესაბამის მონაცემებს რუსული სააგენტო РБК ავრცელებს.
სააგენტოს გათვლები ჟურნალ „ფორბსის“ ონლაინ მონაცემებს ეფუძნება.
„შავი სიის“ გამოქვეყნებიდან ერთი დღის შემდეგ, სიაში ნახსენები 96 რუსი მილიარდერის ქონება, საერთო ჯამში 1,06 მილიარდი დოლარით შემცირდა.
ყველაზე მეტად – 226 მილიონი დოლარით შემცირდა „ლუკოილის“ ხელმძღვანლის ვაგიტ ალეკპეროვის აქტივები, ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კობინატის დირეტქორთა საბჭოს თავმჯდომარის ვლადიმირ ლისინის აქტივები 205 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო ფედერაციის საბჭოს წევრის, ბიზნესმენ სულეიმან კერიმოვის აქტივები 102 მილიონი დოლარით.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ „შავ სიაში“ 210 პირი მოხვდა, მათ შორის, რუსეთის მთავრობის წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელები და რუსი ბიზნესმენები.
გამოქვეყნებული „შავი სია“ დონალდ ტრამპის მიერ 2017 წლის 2 აგვისტოს ხელმოწერილი კანონის ნაწილია.
„ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის სანქციების საშუალებით წინააღმდეგობის გაწევის შესახებ“ აქტის თანახმად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს 180 დღის განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტთან და ნაციონალურ დაზვერვასთან თანამშრომლობით უნდა მოემზადებინა და კონგრესისთვის წარედგინა რუსეთის ბიზნესისა და ხელისუფლების კავშირების შესახებ ანგარიში.