შავ ზღვაში რუსეთის საზღვაო ფლოტის სწავლება გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ აქვეყნებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა სადესანტო გემებიდან საბრძოლო გასროლებით სწავლება გამართა. სადესანტო ხომალდების ეკიპაჟმა საარტილერიო დანადგარებიდან ცეცხლი პირობითი საზღვაო და საჰაერო სამიზნეების მიმართულებით გახსნა. გარდა ამისა, დიდმა სადესანტო ხომალდებმა მცურავი ნაღმების მაკეტები გაანადგურეს. ასევე, სამხედრო ვერტმფრენებმა რიგი ღონისძიებები ჩაატარეს პირობითი მტრის წყალქვეშა ნავების ძებნისა და აღმოჩენის მიმართულებით.
მიმდინარე კვირას, რუსეთმა სამხედრო სწავლება შავი ზღვის რეგიონში უკვე მეორედ ჩაატარა. ორი დღის წინ, რუსეთმა ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე ანტისაჰაერო სისტემა გამოსცადა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტის სწავლება შავ ზღვაში ნატო-ს მასშტაბური სწავლების „სი ბრიზ 2021“-ის პარალელურად განხორციელდა. „სი ბრიზ 2021“ ნატო-ს პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს. მასში ნატო-ს წევრი და მოკავშირე 30 ქვეყნის 5 000 სამხედრო მოსამსახურე, 32 სამხედრო ხომალდი და 40 საფრენი აპარატი მონაწილეობს.