შავ ზღვაში ნატო-საქართველოს ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა [ფოტო]
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს.
სწავლება ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.
ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აილენდის კლასის ხომალდები – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები: REGINA MARIA (რუმინეთი), KEMALREIS (თურქეთი) და SMELI (ბულგარეთი).
წვრთნების მიზანია საქართველოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია.
ერთობლივი წვრთნები საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდა.
ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.