შატბერაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე, სასამართლომ ზვიად საღინაძე მკვლელობის მცდელობის მუხლში გაამართლა
სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული ზვიად საღინაძე გაამართლა. თუმცა მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო ცივი იარაღის ტარებაში და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძემ გამოაცხადა.
გამოძიების ვერსიით, 2017 წლის თებერვალში ზვიად საღინაძე, ოთხ დაუდგენელ პირთან ერთად, შატბერაშვილის ქუჩაზე მანქანაში მსხდომ ორ პირს – ლევან ლორთქიფანიძესა და ჯემალ სირაძეს თავს დაესხა და ცეცხლი გაუხსნა. ადგილიდან 50 მასრაა ამოღებული. დაზარალებულებიდან ერთ-ერთი ინტერპოლის ეროვნული ბიუროს უფროსი ინსპექტორია, რომელმაც თავდამსხმელებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამ დროს დაიჭრა ზვიად საღინაძე.
როგორც საქმის პროკურორი განმარტავს, იყო ყველა მტკიცებულება ბრალის დასადასტურებლად, მათ შორის დაზარალებულების ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები. ბრალდების მხარე განაჩენს სააპელაციო სასამართლოში დადგენილ ვადებში გაასაჩივრებს.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ მოსამრთლემ ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ ზვიად საღინაძე შემთხვევით მოხვდა იმ ტერიტორიაზე და ის საქმესთან კავშირში არ იყო.
ამ დრომდე დაუდგენელია ის ოთხი პირი, რომელიც გამოძიების ვერსიით, თავდასხმაში მონაწილეობდა. საქმეში მოტივი არ გამოიკვეთა.