შარლ მიშელი - უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დროს ოდესაზე თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია
შარლ მიშელი - უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დროს ოდესაზე თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოდესაში აფეთქებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ოდესაზე თავდასხმა, უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დროს, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია. ეს კრემლის სცენარისთვისაც კი ძალიან უღირსი საქციელია. უკრაინისა და მისი მამაცი ხალხისადმი ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ურყევია“,- წერს შარლ მიშელი.

შეგახსენებთ, ოდესაში, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, ძლიერი აფეთქება მოხდა. მედიის ცნობით, ბერძნული დელეგაციის წევრებიდან არავინ დაშავებულა, თუმცა ბერძენი ჟურნალისტების ინფორმაციით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი რაკეტის დაცემის ადგილიდან 150 მეტრში იმყოფებოდა.